გაიცანით Fish Art-ის დამფუძნებელი თაკო თვაური

თაკო, გვიამბეთ თქვენ შესახებ

მოგესალმებით, მე ვარ თაკო თვაური 24 წლის, Fish Art-ის დამფუძნებელი. გადავწყვიტე ახალი საქმიანობა შემესწავლა და დავინტერესდი ეპოქსიდით. ახლა კი უკვე მაქვს ეპოქსიდის ხელნაკეთი ნივთების გვერდი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ნამუშევრებიც. 

რა იყო თქვენი ინსპირაცია?

ეპოქსიდის ხელნაკეთი ნივთები, ძალიან მომწონდა და მომწონს ხელოვნების ეს მიმართულება. ბევრ ქართულ თუ უცხოურ ვიდეოს ვუყურებდი, რაც ძალიან მამშვიდებს. მიყვარს ფერები და ამ სფეროს მივხვდი რომ უამრავი შესაძლებლობა აქვს და იდეები მუდმივად მოდის.

რით არის თქვენი პროდუქცია განსაკუთრებული?

ეპოქსიდისგან ვაწარმოებ ბრელოკებს, ჭადრაკისა და დომინოს ფიგურებს, საათებს და პროდუქციას რომელიც განსაკუთრებულია. ეპოქსიდის თვისებიდან გამომდინარე თითქმის შეუძლებელია იდენტური ნივთის დამზადება, რადგან ყოველ ჯერზე იდენტური ფერის დასმაც კი არ არის შესაძლებელი. ყოველი ახალი ნივთის დამზადებისას ახალი იდეა მოდის რომლის განხორციელებაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ნივთი უნიკალურია და იდენტურის დამზადება ნაკლებად შესაძლებელია, ალბათ დამეთანხმებით, სწორედ ამაშია ხელნაკეთის ღირებულება და განსაკუთრებულობაც.

თქვენი პირველი მომხმარებელი ვინ იყო, როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი გაყიდული ნივთის/სერვისის ისტორია?

ჩვენი პირველი მომხმარებელი იყო გოგონა რომელსაც საჩუქრად უნდოდა ბრელოკი და თანკონკრეტულ რიცხვამდე უნდა მოგვესწრო შეკვეთის დამზადება. ეს კი ერთ-ერთიმნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რადგან დროში შეზღუდულები ვიყავით და თან გვინდოდახარისხიანი, ლამაზი და სამახსოვრო პროდუქტი შეგვექმნა. ეს გამოწვევა წარმატებით დავძლიეთ.

რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს ან მათ, ვისაც სურთ მეწარმეობა და საკუთარი საქმიანობის წამოწყება 0-დან?

როდესაც ხელნაკეთ პროდუქტს ქმნი არასდროს ხარ დაზღვეული ნივთის დაზიანებისგან. მთავარია მისი გამოსწორება შეძლო. ვისაც საკუთარი საქმიანობის წამოწყება სურს 0-დან ისევე როგორც მე წამოვიწყე, ვეტყოდი, რომ მარტივი არ არის, ბევრი სირთულეებიც იქნება, ბევრი დადებითად განწყობილი და ბევრი უკმაყოფილო მომხმარებლებიც ეყოლებათ, მაგრამ არ უნდა დანებდნენ და მაქსიმალურად მეტი უნდა აკეთონ რათა სასურველ შედეგამდე მივიდნენ.

როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წარმატებული და მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ?

მჭირდება უკეთესი რეკლამა ბაზარზე მეტი ცნობადობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, საჭიროა მუდმივი განვითარება, ბევრი სიახლის და ორიგინალური ნივთების შექმნა.

რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის დაწყებისას (სამუშაო პროცესში) და როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როდესაც მითქვამს: “მორჩა არ გავაგრძელებ ამ საქმიანობას”. მაგრამ… მეორე დღეს უფრო დიდი შემართებით ვიწყებდი საქმის გაკეთებას და უფრო დიდი მოტივაცია მქონდა, რომ უკეთესი პროდუქტი შემექმნა. როცა მთელ გულს დებ ნაკეთობაში და ფუჭდება, ან ისეთი ვერ გამოდის როგორიც ჩაფიქრებული იყო, თითქოს იმედები გიცრუვდება, მაგრამ ვფიქრობ, ყველა მსგავსი შემთხვევა ერთი დიდი გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუმკლავდე.

როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, იღბალი თუ შრომისმოყვარეობა?

შრომისმოყვარეობა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იღბალი ყოველთვის შენს მხარეს არ იქნება. შესაძლოა ერთხელ, ორჯერ გაგიმართლოს ამა თუ იმ საკითხში, მაგრამ მესამედ იღბალი აღარ იქნება შენკენ და მხოლოდ იღბლის იმედად არაფერი გამოვა თუ შრომისმოყვარეობა არ ჩადე შენს საქმეში. დიდი შრომის შედეგად იქმნება დიდი პროექტები.

დაახასიათეთ 1 სიტყვით თქვენი ბიზნესი/პროდუქტი (რა ასოციაციას იწვევს თქვენში)?

რთულია ერთი სიტყვით დახასიათება რადგან უამრავი რამაა ჩადებული მასში. დაწყებული იქიდან რომ თავიდან ყველაფერი ჩემით დავიწყე და ვისწავლე. ასე ვთქვათ, ნულიდან დავიწყე ყველაფერი. ბევრი იმედგაცრუება და წარუმატებლობა მქონდა დასაწყისში, რა თქმა უნდა, არ დავნებდი და შედეგიც სახეზეა. ვცდილობ სიახლეები შემოვიტანო და ისეთი რაღაცები გავაკეთოთ რაც იშვიათად მხვდება თუნდაც უცხოურ გვერდებზე. ჩემი პროდუქტები იწვევს სიმშვიდის, სიფერადის და დახვეწილობის განცდას.

ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მიგიღიათ სხვასთან მუშაობით და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებთ საკუთარ საქმიანობაში?

უამრავი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ერთ-ერთი რასაც მივხვდი არის ის, რომ არსებობს ძალიან ბევრი კატეგორიის მომხმარებელი და არ უნდა ვინერვიულო ყველა მომხმარებლის შეფასებაზე, რადგან ზოგიერთი მხოლოდ ნაკლს ეძებს ყველაფერში. მივხვდი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ არსებობს, ყველაფრის გამოსწორება და სხვანაირად გარდაქმნა არის შესაძლებელი, რის საშუალებასაც ეპოქსიდი იძლევა და უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია ამ სფეროს. გარდა ამ ყველაფრისა, თავდაჯერებულობა ხელს უწყობს ამა თუ იმ პროდუქტის შექმნას და როცა ამბობენ რომ რაღაც არ გამომივა ამას ყოველთვის ვიღებ მაგალითად და ვცდილობ დავუმტკიცო რომ გამომივა და შეუძლებელი არაფერია.

რა როლი უჭირავს სოციალურ მედიას თქვენი ბიზნესის წარმატებაში?

დღესდღეობით სოციალური მედია ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი საშუალებაა ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს სოციალურ ქსელებს ძირითადად ყველა ინფორმაცია ვრცელდება მათი მეშვეობით და ვფიქრობ, რომ პროდუქტის გასაყიდად მნიშვნელოვანიც კია სოციალური მედია საშუალებები.

თქვენი სამომავლო გეგმები?

ვაპირებ უფრო ბევრ შეკვეთაზე ვიმუშაო და ასევე შევქმნა უფრო და უფრო უკეთესი და ორიგინალური პროდუქტი. არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, ამიტომ გეგმაში მაქვს რომ ჩემი თავი და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად განვავითარო.

არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ Fish Art-ის გვერდი და მხარი დაუჭიროთ ქართველ მეწარმეს.

What do you think?
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

What to read next